Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის პირველი პანელური დისკუსია თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“

2024 წლის 10 მაისს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში, სამეცნიერო სიმპოზიუმის - „ადამიანის უფლებათა დაცვის  მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სამართლის დოქტორებმა პოლონეთიდან პროექტის ქართველ მონაწილეებთან ერთად წაიკითხეს მოხსენებები კონსტიტუციური სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ:

 

პოლონეთის სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სამართლის დოქტორმა ფშემისლავ კიერონჩიკმა გააკეთა მოხსენება თემაზე - „პოლონეთისა და ლიეტუვის კონსტიტუციები - წარსული და აწმყო (შერჩეული საკითხები)“;

 

პოლონეთის სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სამართლის დოქტორმა ტომაშ კენტმა გააკეთა მოხსენება თემაზე - „დაჩქარებული სამართალწარმოება პოლონეთის სისხლის სამართლის პროცესში - კარგი ზრახვები, სრული მარცხი“;

 

პროექტის მონაწილემ, თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა სამართლის დოქტორმა გიორგი დგებუაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები სისხლის სამართალში“;

 

პროექტის მონაწილემ, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მთავარმა სპეციალისტმა რუსუდან ცაგარელმა პანელის ფარგლებში გააკეთა მოხსენება თემაზე - „გამომძიებლისა და პროკურორის უფლება-მოვალეობების ურთიერთგამიჯვნის ასპექტებზე საქართველოში“.

 

პანელური დისკუსიის მონაწილეების მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, პროექტის სხვა მონაწილეები, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი სამართლის დოქტორი გიორგი ამირანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარი სპეციალისტი სამართლის დოქტორი ზურაბ გოგშელიძე და კონკურსის შედეგად შერჩეული დოქტორანტები.

 

სიმპოზიუმის მონაწილეებთან აქტიური კონტაქტისა და თემატური მოხსენებების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე პოლონელი პროფესორების მიერ მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ, გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა მომდევნო ინდივიდუალური პანელური დისკუსიების დასაგეგმად, სადაც საორგანიზაციო ჯგუფმა პროექტის მონაწილეებს ყველა საჭირო საკითხი და ტექნიკური დეტალები გააცნო.

თარიღი: 11/05/2024